ხარჯამის მეჩეთი. ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ჯამე საქართველოში

Advertisements

“ხარჯამის მეჩეთი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმშვენიერესი ნიმუშია.
იგი მდებარეობს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარჯამში. მეჩეთი აგებულია მე-19 საუკუნეში, ადგილობრივი მუსლიმი მესხების მიერ, რომელთა შთამომავლებიც 1944 წელს სტალინმა შუა აზიაში გადაასახლა.
ხარჯამის მეჩეთის გარე ფასადი თლილი, თეთრი ქვითაა მოპირკეთებული. გაფორმებულია სადა და დახვეწილი ჩუქურთმებით. ამშვენებს შეისრული თაღები. შესასვლელის ჭერი წარმოადგენს მესხური დარბაზის კლასიკურ გადახურვას. სახურავი მოპირკეთებულია სპილენძით და ამშვენებს მუზარადისებური პატარა გუმბათი, რომელიც დამახასიათებელია სამცხე-ჯავახეთში, მე-19 საუკუნესა და მე-20 საუკუნის დასაწყისში აგებული მეჩეთებისათვის.
მეჩეთის ინტერიერი დაზიანებულია. უმეტეს ნაწილში ჩამოცვენილია ბათქაში.
დარბაზის ჭერის გაფორმება დიდ მსგავსებას ავლენს როგორც სამცხე-ჯავახეთის, ასევე – აჭარისა და ისტორიული ლაზეთ – ტაო-კლარჯეთის ამავე პერიოდის მეჩეთებთან.
ხარჯამის მეჩეთს 2012 წელს საქართველოს კულტურის სამინისტრომ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.
დღეისთვის ძეგლი მოითხოვს შეკეთებას. თუმცა ამჟამინდელი მდგომარეობით სავსებით შესაძლოა მისი ავთენტური სახის აღდგენა და შენარჩუნება”.

ტექსტი: ნესტან ბლუაშვილი

ფოტოების ავტორი: ბეჟან (ბექირ) ბოლქვაძე

Advertisements

Advertisements